სკოლა ,,თამარიონის” ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ინიციატივით ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგებმა ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკვეთილები ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ნახეს ფრაგმენტები დოკუმენტური და მხატვრული ფილმებიდან, მოაწყვეს დისკუსია, ისაუბრეს ოკუპაციის გავლენებზე, მის უარყოფით შედეგებზე, დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და არსზე.
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში მძიმე და ტრაგიკული დღეა. 104 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის სამხედრო ნაწილები თბილისში შემოვიდნენ და საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა 70 წლით შეწყვიტა.
ოკუპაციის შემდგომ ქართველები სხვადასხვა ფორმით ებრძოდნენ საბჭოთა რუსეთს, მათ შორის, აჯანყებებით, გაფიცვებითა და საყოველთაო დაუმორჩილებლობით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 და 1937 წლის რეპრესიებმა საბოლოოდ დაასამარა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეა.
25 თებერვალი არის დღე, რომელიც სულ უნდა გვახსოვდეს, რათა გვახსოვდეს წარსული და გავაცნობიეროთ, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება.



